მედიისა და კომუნიკაციის სასწავლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის  ფარგლებში მორიგი მედია ტური და მასტერკლასები ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარდა.  14 ივნისს პროექტის მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია პროექტის ერთერთმა მენტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ.

კონკურსის მონაწილეებისთვის (12 სტუდენტი) მასტერკლასები ჩაატარეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსმა გიორგი ფუტკარაძემ, საზოგადოებრივი რადიოს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოგის ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილების ხელმძღვანელმა რატი ლოლაძემ, საინფორმაციო–ანალიტიკური პროგრამა “პიკის საათის” წამყვანმა დავით პაიჭაძემ და მთავარმა პროდიუსერმა ნინო რამიშვილმა._SHL7219

სტუდენტები გაეცნენ საზოგადოებრივი რადიოს მუშაობის სპეციფიკას, “პრაიმ ტაიმის”  შევსების თავისებურებებს, პროგრამულ დაგეგმარებას, ისტორიას და სხვ. გიორგი ფუტკარაძემ კონკურსის მონაწილეებს აუხსნა საინფორმაციო გადაცემა “მოამბეს” მომზადების და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციფიკა, ახალი ამბების სტუდიის მუშაობის რეჟიმი, უპასუხა სტუდენტების კითხვებს რესპონდენტების შერჩევის და ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე.

მედია ტურის მონაწილეებს ასევე გაესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი ნინო ჟღენტი. სტუდენტებმა მოისმინეს “ოქროს ფონდის” შექმნის ისტორია. “არქივში ინახება დაახლოებით 3 მილიონი ხმის ჩანაწერი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ფეხი დაუდგამს საქართველოს რადიოში,” – აღნიშნა მან. სტუდენტებმა დაათვალიერეს არქივი, რომლის დიგიტალიზაცია (გაციფრულება) უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს.  სტუდენტებმა აკაკის, გალაკტიონის, პაოლო იაშვილის  მიერ წაკითხული საარქივო ჩანაწერების მოსმენა შეძლეს.

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის  (MCERC) პროექტის –  „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ – მიზანია მედიაკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა და მეოთხე ხელისუფლების სტიმულირება. პროექტი ხორციელდება  „DW Akademie“-ის მხარდაჭერით.